მისასალმებელი სიტყვა
მისასალმებელი სიტყვა
ქართველებსა და უკრაინელებს შორის მეგობრული ურთიერთობის ტრადიცია სათავეს საუკუნეების სიღრმეში იღებს. არსებობს მონაცემები, რომ ჯერ კიდევ კიევის რუსეთის დროს ქართველი მეფე დავით IV აღმაშენებელი ყივჩაღების საქართველოში ჩამოსახლების საკითხზე კიევის მთავარს ვლადიმირ მონომახს შეუთანხმდა და მისი მოწვევით კიევსაც კი ესტუმრა. მეორე კიევის მთავარი, იზიასლავი დაქორწინდა საქართველოს მეფის დემეტრე I-ის ქალიშვილზე - რუსუდანზე. XI საუკუნეში ქართველი ხატმწერები მუშაობდნენ კიევ-პეჩერსკის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის მოხატვაზე.
მე-18-19 საუკუნეებში უკრაინაში წარმოიქმნა ქართველების მთელი დასახლებები, რომლებმაც სამშობლო დატოვეს ძირითადად ომებისა და შემოსევების გამო. მათ შორის იყვნენ თავადაზნაურობის მრავალი წარმომადგენელი და საზოგადო მოღვაწე, რომლებმაც მოახერხეს თავიანთი კულტურისა და ენის შენარჩუნება მეგობრულ უკრაინელებს შორის. ერთ-ერთი მათგანი იყო დიდი ქართველი მწერალი დავით გურამიშვილი.
ჩვენი ხალხები ბევრ რამეში ჰგვანან ერთმანეთს: ისინი ერთნაირად სტუმართმოყვარე, დიდსულოვანი, კეთილგანწყობილი და თავისუფლებისმოყვარე ხალხია, რომლებიც, როგორც ისტორიამ აჩვენა, მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად. საქართველოს ახსოვს, როგორ ახორციელებდნენ უკრაინელი სამხედროები და მფრინავები მოქალაქეების ევაკუაციას ომის ქარცეცხლში გახვეული სოხუმიდან, როგორ იბრძოდნენ მოხალისეები უკრაინიდან, ახსოვს მხარდაჭერა 2008 წელს, რუსული აგრესიის დროს. ქართველებიც იბრძოდნენ და თავს დებდნენ უკრაინის თავისუფლებისთვის.
დღეს ჩვენ საერთო გამოწვევების წინაშე ვდგავართ - რუსული აგრესია, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და გვაქვს საერთო მისწრაფებები - ეკონომიკურად ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია.
დარწმუნებული ვარ, საქართველო და უკრაინა ერთად შეძლებენ გაუმკლავდნენ ყველა სირთულეს, მიაღწიონ დასახულ მიზნებს და განავითარონ სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთ მხარდაჭერაზე. მე, როგორც საქართველოს ელჩი უკრაინაში, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.
საუკეთესო სურვილებით,
გიორგი ზაქარაშვილი
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში