Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ

  ა.წ. 1 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ:

„საქართველოს პარლამენტი:

           ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

        მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;

  ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პირნციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპებისა,

            გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;

         აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და ამ უფლებას სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;

      თვლის, რომ უკრაინაში ომის არდაშვება საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს;

            სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.

       ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით განაგრძოს უკრაინაში ომის არდაშვებაში თავისი წვლილის შეტანა.

 

            თბილისი,

            2022 წლის 1 თებერვალი.

            1352-VIIIმს-Xმპ“