ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერმინისტრს ვოლოდიმირ გროისმანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერმინისტრს ვოლოდიმირ გროისმანს შეხვდა.

უკრაინის პრემიერმინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად ადამიანთა გარდაცვალებისა და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციისას სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. მისი თქმით, უკრაინა გვერდით უდგას საქართველოს ამ მძიმე წუთებში.

 

 

მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურეს. მათი განცხადებით, ქვეყნებს საერთო ინტერესები და გამოწვევები აკავშირებს და მათ დასაცავად და სირთულეების გადასალახად, ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობაა საჭირო.  ირაკლი კობახიძემ და ვოლოდიმირ გროისმანმა ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის მოხარულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გააქტიურდა, რასაც ხშირი მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებიც ადასტურებს. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პრემიერმინისტრის ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელს ითვლის, მაგრამ ისტორიული მეგობრობა და ხალხთაშორისი კავშირები ბევრად დიდ პერიოდს ითვლის.

ირაკლი კობახიძემ თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ის მოხარულია, რომ ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის გააქტიურებულია კავშირები და გაცვლითი ვიზიტები.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას საერთო საგარეო კურსი აქვთ, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ მიმართულებით ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ სამი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება, სადაც სპიკერები ევროპარლამენტს სამი ასოცირებული ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნისკენ მოუწოდებენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას. ირაკლი კობახიძის თქმით, რთული ვითარების მიუხედავად, შიდა რეფორმებისა და რუსეთისადმი პრაგმატული პოლიტიკის მეშვეობით, საქართველომ სტაბილურობასა და სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო როლზეც. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ქვეყანა ისტორიული სატრანზიტო როლის აღდგენას ცდილობს და ამ მიმართულებით, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია საქართველო-უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებისთვისაც. 

საუბარი შეეხო ტურიზმს და აღინიშნა, რომ მზარდი ორმხრივი ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებისთვის.

ირაკლი კობახიძემ უკრაინის პრემიერ-მინისტრს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის მთავარი საკითხები გააცნო.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ