ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება

უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციათა მოღვაწეობა, რომელნიც საქართველოსთან სულიერი კავშირის შენარჩუნებას ემსახურებიან. ასეთ ორგანიზაციათა შორისაა სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაეთიანება „გეორგია“, რომელშიც გაერთიანებულია 16 რეგიონული ქართული დიასპორული საზოგადოება. გაერთიანება ეწევა უკრაინაში ქართული ენის, კულტურისა და ეროვნულ ფასეულობათა აქტიურ პროპაგანდას; ხელს უწყობს უკრაინის მილიონიან ქალაქებში ქართული საკვირაო სკოლებისა და კულტურული ცენტრების ორგანიზებასა და ფუნქციონირებას; აქტიურად თანამშრომლობს, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურებთან. „გეორგიაში“ გაერთიანებულია 10 ათასზე მეტი წევრი და მათი რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება. უცხო ქვეყანაში ქართულ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობათა პოპულარიზაციის მისიას პირნათლად ასრულებენ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები, რომლებიც მსხვილ რეგიონულ ცენტრებში (კიევში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ლუგანსკში, ოდესაში, დონეცკსა და პოლტავაში) მოქმედებენ.უკრაინაში მოქმედ ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებში ყოველ მსურველს გააჩნია შესაძლებლობა მოიძიოს ცნობები და მასალები საქართველოს ისტორიაზე, გეოგრაფიაზე, კულტურასა თუ ფოლკლორზე, დაეუფლოს ქართულ ენას. ამ ცენტრებთან არსებულ საკვირაო სკოლებში ჩამოყალიბებულია ფოლკლორის (ხალხური ინსტრუმენტების, სიმღერის, ცეკვის) შემსწავლელი ჯგუფები ქართული, უკრაინული და რუსულენოვანი კონტინგენტებისთვის. ენის შესწავლას აადვილებს ქართული დოკუმენტური და მხატვრული ფილმების რეგულარული ჩვენება, კონცერტები, რაც სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს და ხალისიანს ხდის. ამ მხრივ გამოირჩევა კიევის ქართული კულტურულ-სგანამანათლებლო ცენტრი „იბერიელი“. რომელიც კოორდინირებას უწევს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი კულტურული ცენტრების მუშაობას.აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ კიევში, ოდესასა და ხარკოვში მოქმედ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლებს ამ ბოლო დროს შეემატა დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის სტუდიები, ცეკვის წრეები ჩამოყალიბებულია ლუგანსკში, პოლტავასა და ნიკოლაევში. ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლ "იბერიელს", რომელსაც უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე მაკა ლომსაძე ხელმძღვანელობს, 2012 წელს უკრაინის სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა. სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიასა“ და უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ ერთობლივი ძალისხმევით გამოდის ჟურნალი „საქართველო“, რომელიც ერთადერთია უკრაინაში და ორ ენაზე (ქართულად და უკრაინულად) გამოდის. ჟურნალის მეშვეობით მკითხველი ეცნობა უკრაინის მკვიდრი გამოჩენილი ქართველი ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ასევე სხვა მასალებს ჩატარებულ ქართულ-უკრაინულ ღონისძიებათა შესახებ. სტატიების ავტორები უმეტესწილად უკრაინაში მცხოვრები ქართველი მწერლები, ჟურნალისტები და დიპლომატები არიან. დღეს უკვე უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“ და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“ წარმატებით მუშაობენ რამდენიმე მიმართულებით. სწორედ მათი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია უკრაინის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება.გასული წლის 4 აგვისტოს ქალაქ მირგოროდში დავით გურამიშვილის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის მხარდაჭერითა და გაერთიანება „გეორგიას“ ძალისხმევით დიდი ქართველი პოეტის დავით გურამიშვილის 220 წლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს: ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იბერიელმა“ და საქართველოდან ჩამოსულმა სპეციალურმა სტუმრებმა, ბიჭუნათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მართვემ“ და „ცოტნე დადიანის“ დარბაზის გუნდმა. ეს იყო ორი მეგობარი ერის მიერ ქართველი დიდი შემოქმედის დავით გურამიშვილის ღვაწლის დაფასება, რადგან ის ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობას ჩაუყარა საფუძველი. აღსანიშნავია გაერთიანება „გეორგიას“, ბაჟანის კიევის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმისა და უკრაინის ეროვნული აკადემიის შევჩენკოს სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი – „ბაჟანი და საქართველო“. ამ პროექტით ჩატარებული გამოფენა ნახა (2012 წლის 4 დან 31 ოქტომბრამდე) უამრავმა მსურველმა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გაერთიანება „გეორგიასა“ და ქართული საელჩოს მხარდაჭერით ქართული კინემატოგრაფიის 100 წლის იუბილე აღინიშნა ქ. კიევში, სადაც ვასილ ამაშუკელის ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ პირველად იქნა ნაჩვენები. ფილმი ამ საღამოსთვის კიევში სპეციალურად ევროპის მოხალისეთა სამსახურის წარმომადგენელმა ჩამოიტანა.არ შეიძლება არ აღინიშნოს უკვე ტრადიციული ქართული კულტურის ფესტივალი კიევში, რომელიც ყოველწლიურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება და რომელშიც ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად ცნობილი და დამწყები ქართველი მომღერლები იღებენ მონაწილეობას. გაერთიანება „გეორგია“ და ასოციაცია „იბერიელი“ ღებულობენ ასევე მონაწილეობას ორი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ სხვადასხვა პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფორუმებში, აქტიურად არიან ჩართული უკრაინაში ქართული ტურისტული პროდუქტების პროპაგანდის საქმეში. წინ მრავალი საინტერესო ღონისძიებებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, ალბათ, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით კიევში ქართული ბიბლიოთეკის გახსნა, რომელიც ა/წ მაისისთვისაა დაგეგმილი.

სათვისტომოს კოორდიანტები:

www.iberieli.org

info@iberieli.org

ტელ.: +38098.681.12.62

პრეზიდენტი - ბესიკ შამუგია

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ