საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მოგესალმებით,

უკრაინაში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე, თქვენ შეძლებთ მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია საქართველოსა და მის ისტორიულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ევროპის ერთ-ერთ დიდ ქვეყანასთან უკრაინასთან.

საქართველო პატარა, თვალწარმტაცი ქვეყანაა, რომელიც კავკასიონის ქედის სამხრეთით, შავიზღვისპირეთში, ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს. ქართველი ერი, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, გამოირჩევა ათასწლოვანი ისტორიული გამოცდილებით, მაღალი კულტურით, მეგობრობით, სტუმართმოყვარეობით და ტოლერანტობით.

ბუნებრივი პირობების და განსაკუთრებით გეოპოლიტიკის გამო, საქართველო ყოველთვის იყო დიდი მეზობლებისა და შორეული იმპერიების სამიზნე. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი გაუმკლავდა მრავალრიცხოვან შემოტევებს, გამოიარა დრამატულ ქარტეხილში და 21-ე საუკუნეში შეაბიჯა, როგორც დამოუკიდებელმა, დემოკრატიული სისტემის მშენებელმა, ეკონომიური კეთილდღეობის დამმკვიდრებელმა და მშვიდობისმოყვარე სახელმწიფომ. თუმცა, 21-ე საუკუნეშიც კი, ის კვლავ გახდა ყოფილი მეტროპოლიის, რუსეთის აგრესიის ობიექტი და დროებით ოკუპირებული აქვს ტერიტორიის 20%.

მიუხედავად სიძნელეებისა, საქართველომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში დიდი ტრანსფორმაცია განიცადა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით. წარმატებით ჩატარებულმა რეფორმებმა, საქართველოს მისცა საშუალება დაეძლია კორუფცია, გამხდარიყო ევროპის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა, შეექმნა მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი და ჩამოყალიბებულიყო, როგორც რეგიონის ლიდერი დემოკრატიული სახელწიფო.  2016 წლიდან საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ხოლო 2017 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ.

ქართველი ხალხის ნების საფუძველზე, საქართველოს სწრაფვა ევრო და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ხელისუფლებამ დააფიქსირა ქვეყნის უზენაეს კანონში, 2018 წელის ახალი რედაქციით მიღებულ კონსტიტუციაში.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო,  საქართველოსა და უკრაინის ევრო და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დღეს საქართველოსა და  უკრაინას ერთი საერთო გამოწვევა და ტკივილი აქვთ-დარღვეულია ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. შესაბამისად, ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, რეგიონში შექმნილი არასტაბილური და უსამართლო პოლიტიკის დასაძლევად და ერთიანი მიზნის მისაღწევად, რომ საქართველო და უკრაინა გახდნენ ცივილიზებული, დემოკრატიული სამყაროს ღირსეული წევრები.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მიმართულებით წლიდან წლამდე მატულობს საქონელბრუნვის მაჩვენებელი, საქართველოს და უკრაინის თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს. კერძოდ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, ტურიზმის და სხვა სფეროებში, რასაც ხელს უწყობს ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობაც.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს წარმატება ტურისტული ინდუსტრიის განვითარების გზაზე, რასაც ხელი შეუწყო ქვეყნის ბუნებრივმა პირობებმა, მდიდარმა და მრავალფეროვანმა კულტურამ, ქართველების სტუმართმოყვარეობამ, ისტორიული ძეგლების სიმრავლემ, ქართული სამზარეულოსა და ღვინის უნიკალურობამ. ამის გამო, საქართველოში ყოველწლიურად უფრო მეტი ვიზიტი ვიზიტორი ჩადის, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობაა. 2019 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ვიზიტორთა რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა.

მნიშვნელოვანია საქართველოს და უკრაინის ურთიერთობები მეცნიერებისა და განათლების სფეროში. აღნიშვნის ღირსია, ქვეყნებს შორის არსებული კულტურული დიპლომატია, რომლის წყალობით ქართველების და უკრაინელების მეგობრობა მეტად გამორჩეული და მტკიცე გახდა.

ასევე, ორი ქვეყნის მეგობრობაში, საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს უკრაინაში მოღვაწე მრავალრიცხოვან ქართულ დიასპორას. დიასპორასთან ურთიერთობის საკითხი საქართველოს მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტია და საელჩო თავის საქმიანობაში დიდ ადგილს სწორედ ამ საკითხს უთმობს.

მსურს აღვნიშნო, რომ საელჩოს ყველა თანამშრომელი არ იშურებს ძალისხმევას, რათა საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები განმტკიცდეს და იყოს სამაგალითო რეგიონის ქვეყნებისათვის.

 და ბოლოს, მსურს მადლობა მოვუხადო საელჩოში წლების მანძილზე მოღვაწე  ყველა თანამშრომელს და ჩემს წინამორბედ კოლეგებს იმ ღვაწლისათვის, რომელიც მათ მიუძღვით საქართველოსა და უკრაინას შორის მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

 
თეიმურაზ შარაშენიძე
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი