საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი გიორგი ზაქარაშვილი შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ემინე ჯაფაროვას.

მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ელჩის გიორგი ზაქარაშვილის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ემინე ჯაფაროვას შეხვედრა.

მხარეებმა განიხილეს ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ანექსირებულ ყირიმში და დონბასის ოკუპირებულ ნაწილში, აღნიშნეს მოლაპარაკეთა საერთაშორისო ფორმატების, მათ შორის ყირიმის პლატფორმის მნიშვნელობა და განიხილეს ამ ახალ საერთაშორისო ფორმატში ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები ხუთი ძირითადი მიმართულებით: უსაფრთხოება, სანქციები, არაღიარების პოლიტიკა, ადამიანის უფლებების დაცვა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, ყირიმის დროებითი ოკუპაციის ეკონომიკური და ეკოლოგიური საფრთხეები.

უსაფრთხოების კუთხით შავის ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შავი ზღვის რეგიონის ახალი რეალობა უსაფრთხოების კუთხით მოითხოვს შავის ზღვის ქვეყნების ერთობლივ ინიციატივას და სტრატეგიის შემუშავებას“.  ემინე ჯაფაროვამ ხაზი გაუსვა ყირიმის პლატფორმის წევრ-სახელმწიფოებს შორის კოორდინაციის განვითარების მნიშვნელობას და შესთავაზა ქვეყნების საგარეო უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით რეგულარული კონსულტაციების გამართვა, მათ შორის ექსპერტების დონეზე ყირიმის პლატფორმის ექსპერტთა ქსელთან ერთად.

გიორგი ზაქარაშვილმა  ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყირიმის პლატფორმაში მონაწილეობა საქართველოსთვის  პრინციპულ საკითხს წარმოადგენს და ამ მხრივ უკრაინას ყოველთვის ექნება საქართველოს მხარდაჭერა. ხაზი გაესვა, რომ ზოგადად შავი ზღვის თემატიკას, მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველოც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამ კუთხით ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის ასევე ზოგადად რეგიონისთვის. აუცილებელია ასევე ამ პროცესში როგორც ნატოს წევრი შავი ზღვისპირა სახელმწიფოების, ასევე თავად ალიანსის ჩართულობა.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის იუნესკო-ს ფარგლებში.