საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან

21 აპრილს, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის კიევში ჩამოსვლის პირველსავე დღეს, გაიმართა მისი შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან დმიტრო კულებასთან და მინისტრის მოადგილესთან ვასილ ბოდნართან. 

უკრაინული მხარე მიესალმა ელჩის დაბრუნებას და პოზიტიურად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი იმ პერიოდში, როდესაც უკრაინის საზღვრებთან და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს სამხედრო ესკალაცია რუსეთის მხრიდან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად პროტესტისა, რომელიც არ გასცილებია დიპლომატიურ ურთიერთობებში დამკვიდრებულ სტანდარტს, საქართველო ერთგული რჩება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მეგობრობისა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა. თეიმურაზ შარაშენიძემ, საქართველოს ხალხისა და მთავრობის სახელით სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს. ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, ერთიანი მიზნის - დეოკუპაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის განხორციელებას და ამისათვის ერთიანი ძალისხმევის გამოყენებას და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და გაძლიერებას.