საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ გამართა პრეს-კონფერენცია სახელწოდებით: „ იმოგზაურე საქართველოში-მხარი დაუჭირე საქართველოს “

მ.წ. 26 ივნისს, საქართველოს ელჩმა გელა დუმბაძემ, საქართველოს საელჩოში გამართა პრეს-კონფერენცია სახელწოდებით: „ იმოგზაურე საქართველოში-მხარი დაუჭირე საქართველოს “, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ უკრაინის მოქალაქეთა ტურისტული ნაკადის გაზრდის უზრუნველყოფა საქართველოში. პრეს-კონფერენციას დაესწრო წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების, ტელევიზიების «Інтер», «4 Канал», «UA: Перший» და გამოცემების 30-ზე მეტი წარმომადგენელი.

ელჩმა გელა დუმბაძემ, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ რუსი ტურისტებისთვის საქართველოში ჩამოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, კერძოდ კი უკრაინიდან ტურისტული ნაკადის გაზრდა, რაც ნაკლებად საგრძნობს გახდის ქართული ტურიზმისთვის წელს მოსალოდნელ დანაკარგებს. ელჩმა ისაუბრა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, უკრაინელი ტურისტებისთვის საქართველოს მომხიბვლელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა და ტურისტებს, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი და მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან არანაირი საფრთხე და დისკომფორტი არ შეექმნებათ. ელჩმა მოუწოდა როგორც უკრაინულ, ისე ქართულ ტუროპერატორებს და ავიახაზებს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი უკრაინიდან ტურისტული ნაკადის ზრდას და შესთავაზონ კლიენტებს ხელმისაწვდომი ფასები.
პრეს-კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს უკრაინის უმაღლესი რადას ტურიზმის განვითარების, კურორტებისა და რეკრეაციული საქმიანობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ ანა რომანოვამ და უკრაინის ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორმა ვოლოდიმირ ცარუკმა რომლებმაც ხაზი გაუსვეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის უკრაინელი ხალხის თანადგომა აღნიშნული მიმართულებით და მოუწოდეს როგორც ტურიზმის სფეროში მოქმედ კომპანიებს, ისე რიგით უკრაინელებს, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ საქართველოს და დაისვენონ მის კურორტებზე.
პრეს-კონფერენციას აგრეთვე ესწრებოდნენ საქართველოს ავიახაზების, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისა და ავიაკომპანია YanAir-ის წარმომადგენლები, რომლებმაც გააცნეს აუდიტორიას ინფორმაცია არსებული რეისების შესახებ და გამოხატეს მზადყოფნა საქართველოში საინფორმაციო-ტურების ხელშეწყობისთვის.

 

 

პრეს-კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში საათნახევარს გაგრძელდა, რომლის შემდგომაც, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.