საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სალომე ზურაბიშვილი - სტაბილიზაციის, დეესკალაციისა და დიალოგის გარდა სხვა გზა არ არის

სალომე ზურაბიშვილი - სტაბილიზაციის, დეესკალაციისა და დიალოგის გარდა სხვა გზა არ არის

კიევში საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრების შემდეგ პრესისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

ბატონო პრეზიდენტო,
ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად, დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების საუკუნოვან ისტორიაში, რამეთუ ორივე ვზეიმობთ ამ წელს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის იუბილეს და მომავალ წელს აღვნიშნავთ ჩვენი ურთიერთობების აღდგენის 30 წელს. და პირველად, 15 წლის შემდეგ, პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს უკრაინას, თუმცა მე მოხარული ვარ რომ ვესწრებოდი თქვენს ინაუგურაციას და ის დღე არ დამავიწყდება!

სამწუხაროა, რომ ამის შემდეგ გარკვეული დრო დაიკარგა. დრო, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა ჩვენი, ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისათვის, ისევე როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით ჩვენი საერთო მიზნების გამყარებისთვის.

მე პირადად, ჩვენს ურთიერთობებს სულ ვუფრთხილდებოდი და დღესაც ვუფრთხილდები. თვით 2020 წლის 23 აპრილს, წუხილს გამოვთქვამდი ჩვენს ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემის გამო და 2021 წლის 9 აპრილის საპარლამენტო სიტყვაში აღვნიშნე, რომ - „არ მინდა 9 აპრილს, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარების დღეა, დავასრულო და არ ვახსენო უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია, სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, რასაც მოჰყვა ჩვენი ურთიერთობების ფორმალური აღდგენა. ამის შემდეგ ორივე მხრიდან განხორციელდა რამდენიმე ვიზიტი - პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრების და დღეს, ჩვენი ოფიციალური შეხვედრა. მე ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის და ვთვლი, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტი უნდა უფრთხილდებოდეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას!

ჩვენი ურთიერთობა უბრუნდება საკუთარ ნორმას, რომელიც ორ მთავარ პრინციპზეა დაფუძნებული - ხალხთა შორის საუკუნოვან მეგობრობასა და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობის მუდმივ და ურყევ მხარდაჭერაზე.

დღეს გვაერთიანებს არა მხოლოდ ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა, არამედ პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები. ესაა - ჩვენი ქვეყნებისა და ტერიტორიების დეოკუპაცია, ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალი გზა, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაზრდა.

დეოკუპაცია ჩვენი ქვეყნების ტკივილი, წუხილი და გამოწვევაა. ჩვენი, საქართველოს ამოცანაა დეოკუპაცია და ამ კუთხით ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბება; დებორდერიზაცია, ადამიანის უფლებების დაცვა [არ შეიძლება არ აღვნიშნო, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა ამ მიმართულებით, რაც საქართველოსთვის ძალიან დიდი გამარჯვებაა] და ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ მოქალაქეებთან ურთიერთობის აღდგენა. არ შეიძლება, რომ რუსეთისგან გაგრძელდეს ყოველდღიური პროვოკაციები - გადაადგილება, გატაცებები და დღეს კიდევ ერთხელ მინდა ვახსენო, ჩვენი მოქალაქე - გახელაძე, რომელიც 12 წლითაა დაკავებული და ყველა სახელმწიფო უწყება მისი განთავისუფლებისათვის მუშაობს. ჩვენი ყველა პარტნიორისაგან კი, ამ კუთხით, პირდაპირ მხარდაჭერას ველოდებით.

ჩვენი გზა დეოკუპაციისაკენ ნათელია. ეს არის მშვიდობიანი გზა. ამ მიმართულებით საქართველომ გააკეთა თავისი განაცხადი და უარი თქვა ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე. მე მინდა მოვუწოდო რუსეთს, რომ იგივე გზას გაყვეს ამ რეგიონში და საერთოდ დღევანდელ მსოფლიოში. პანდემიის შემდეგ ბოლოს და ბოლოს უნდა მივხვდეთ, რომ სხვა გზა არ არის, თუ არა სტაბილიზაციის, დეესკალაციის და მხოლოდ დიალოგის. დიალოგს სჭირდება დეესკალაცია და მე ეს მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა აქ, ამ ადგილას, თავისი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს კიევიდან იყოს ნათქვამი. ვერანაირი ესკალაციის პირობებში, სახელმწიფოთა შორის ვერ იქნება მონახული ვერანაირი გზა კონფლიქტების დაძლევისთვის. ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა აუცილებელია და ვიცით, რომ არსებობს და იარსებებს!

ჩვენ უკრაინის მძიმე მდგომაროება ბევრზე კარგად გვესმის. ერთი მხრივ, ყირიმის ოკუპაცია და მეორე მხრივ, აღმოსავლეთ რეგიონებზე მიმდინარე რუსეთის სამხედრო დესტაბილიზაცია და ესკალაცია.

მინდა, გამოვიყენო ეს საშუალება და დაღუპული მეომრების ოჯახებს მივუსამძიმრო და ქართველი ხალხის თანადგომაც გამოვუცხადო.

ჩვენი მეორე, საერთო მიზანი ევროკავშირია. ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევროპული ინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ გააჩნია! ეს ჩვენი ქვეყნებისთვის ერთადერთი სერიოზული პერსპექტივაა და ჩვენ ორივემ უკვე ამ გზაზე მივაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს - აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატის დაარსება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება, ასოცირების სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია - ეს ყველაფერი ამ გზაზე ჩვენი პროგრესის ძალიან კონკრეტული შედეგებია.

დროა, შემდეგი ნაბიჯები ჩამოვაყალიბოთ და ამის შესაძლებლობას მოგვცემს ბათუმის კონფერენცია, მით უმეტეს, თუ ეს იქნება იმ სამიტის ფორმატში, რომელზეც ჩვენ ვეპატიჟებით ჩვენს ორ მეგობარს - უკრაინასა და მოლდოვას, რომელსაც დაესწრება ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა - შარლ მიშელის მეშვეობით.

ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის წინსვლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ საუბარი იქნება სექტორულ ინტეგრაციაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ევროკავშირის გააქტიურებაზე კონფლიქტების სფეროში და ეს იქნება არსებული ფორმატების გაძლიერებით თუ სხვა, ახალი შესაძლებლობების გამოყენებით. ამიტომ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, სადაც ასევე დარწმუნებული ვარ, განხილული იქნება შავი ზღვის საკითხი და ის, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს შავ ზღვაზე უსაფრთხოება და თანამშრომლობა.

დღევანდელი და ხვალინდელი მთავარი პროექტები, რომელიც ეხება ევროკავშირს, შავ ზღვას, კავკასიას, შემდგომ შუა აზიას და ასევე, უკრაინას გადის შავ ზღვაზე, შავი ზღვის სტაბილურობაზე და შავი ზღვის გამოყენებაზე იმისთვის, რომ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს. ამ კუთხით ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც ყოველთვის მზად ვიქნებით, რომ ვისაუბროთ და ვისაუბროთ, პირველ რიგში, ასევე, ჩვენს პარტნიორებთან - ევროკავშირის და აშშ-ის პარტნიორებთან. 

ნატო-სკენ მიმავალ გზაზე ორივე ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა ასევე ბოლო წლების განმავლობაში - სამხედრო და პოლიტიკური რეფორმების, თავსებადობისა და სტანდარტიზაციის კუთხით. ნატო-ს 14 ივნისის სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკა. მივესალმებით ამ განცხადებაში გამოხატულ მზადყოფნას და შემდეგი ეტაპების ასახვას.

ჩვენი ამოცანაა, ინტეგრაციის გზაზე გავაძლიეროთ თანამშრომლობის სფეროები და ეს ეხება კიბერუსაფრთხოებასა და შავი ზღვის უსაფრთხოებას, რაც ნატო-ს ფარგლებში იქნება განხილული. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით, როცა ნატო-ს პარტნიორების ხომალდები შემოდიან ჩვენს პორტებში, რაც უსაფრთხოების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენი, ბატონო პრეზიდენტო, ორმხრივი ურთიერთობების ახალ საფეხურზე აყვანა. ჩვენ შორის არსებობს ყველა მიმართულებით ინსტიტუციური ჩარჩოები - უმაღლესი სტრატეგიული საბჭო, რომელიც მოიცავს ოთხივე დარგს - ეკონომიკას, პოლიტიკას, უსაფრთხოებას და კულტურას, ან კიდევ, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, ასევე ხელი გვაქვს მოწერილი არაერთ დეკლარაციაზე ინვესტიციების დაცვის შესახებ თუ კულტურის დარგში. თუმცა, დოკუმენტებზე მეტად [ეს ეხება ბევრ სხვადასხვა დარგს] განცხადებები და დოკუმენტები ყველაფერი არაა, მთავარია რა არის კონკრეტიკა - ამ ურთიერთობების შინაარსობრივი კუთხე და საჭიროა მათი გააქტიურება, არსებული ფორმატების ერთგვარი გაცოცხლება და კონკრეტული გადაწყვეტილებებით შევსება.

ტურიზმის დარგი კოვიდამდე ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთი მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა. დიდი იმედი გვაქვს (და მგონი უკვე დაწყებულია, რომ )ეს ტენდენცია კოვიდის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება.

ასევე, უნდა გაძლიერდეს სავაჭრო ბრუნვაც, რომელიც უნდა ასახავდეს, ჩვენს ორივე ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას და ასევე, ინვესტიციების  მიმართულებით, ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ შევქმნათ ეს ახალი პოტენციალი. 

ეს ვიზიტი ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერების მხოლოდ საწყისია.

პრეზიდენტ ზელენსკის ვეპატიჟები, რომ 18 ივლისს ვიზიტით ჩამოვიდეს საქართველოში და შემდგომ უკვე მონაწილეობა მიიღოს ბათუმის კონფერენციასა და სამიტზე.

ასევე მესმის, რომ ყირიმის პლატფორმას აქვს დიდი მნიშვნელობა და როგორც კი ჩავალ, ჩვენი კოორდინაციის რეჟიმში, (როგორიც გაგვაჩნია) გადავწყვეტთ რა დონეზე და ვინ იქნება საქართველოს წარმომადგენელი ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო უთუოდ იქნება წარმოდგენილი.

დაბოლოს, ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს ჩვენი ურთიერთობების 30 წლის იუბილეს მაღალ დონეზე აღვნიშნავთ და პრეზიდენტ ზელენსკის შევთავაზე, რომ საქართველოსა და უკრაინაში უკრაინისა და საქართველოს კულტურული დღეებით აღვნიშნოთ ორივე ქვეყნისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. 

ძალიან დიდი მადლობა თქვენი მიღებისთვის, ამ ვიზიტის მომზადებისთვის და ვიმედოვნებ, რომ მალე გნახავთ საქართველოში.

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:

პატივცემულო ქალბატონო პრეზიდენტო,

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

მოხარული ვარ მივესალმო ქალბატონ ზურაბიშვილს და ჩვენს ქართველ მეგობრებს მეგობრულ უკრაინაში, პირველი ოფიციალური ვიზიტია და ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის. პოლიტიკური დიალოგი ჩვენს დედაქალაქებს შორის, კიევსა და თბილისს შორის, ახალ იმპულსს იძენს.

ჩვენი ერთობლივი ამოცანაა უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი შევავსოთ რეალური შინაარსით და კონკრეტული პროექტებით, ურთიერთმხარდაჭერის საფუძველზე და ჩვენს შორის ნდობის დიდი დონის საფუძველზე.

უკრაინასა და საქართველოს აერთიანებს ერთობლივი მიზნები, ევროკავშირსა და ნატო-ში სრულფასოვანი წევრობის მოპოვებასთან დაკავშირებით. ასევე, სასიამოვნოა აღვნიშნო ჩვენი პოზიციის მსგავსება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა უკრაინისა და ჩვენი პარტნიორებისთვის შავი ზღვის რეგიონში ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებაა. შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხო აკვატორია თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობისთვის. ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ ურთიერთობა შავ ზღვაში ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ფლოტებს შორის. აქტიურად ვმუშაობთ ამ ინიციატივის რეალიზაციისთვის საქართველოსთან და სხვა მეზობლებთან და იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ პროგრესს.

ასევე, მინდა გამოვთქვა გულწრფელი მადლიერების სიტყვები საქართველოს მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ყირიმის ანექსიის მცდელობის არაღიარებისათვის და დონბასზე რუსული აგრესიის დაგმობისთვის.

იმედი გვაქვს, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ მხარესთან ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, ყირიმელების უფლებების დაცვის მიზნით და ასევე, ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მიზნით.

ჩემი მხრიდან მინდა დავადასტურო, უკრაინის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველო ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

დარწმუნებული ვარ, რომ COVID-19 პანდემიის მიუხედავად, წელს ჩვენ მნიშვნელოვნად გავააქტიურებთ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას, გავაძლიერებთ ამ წლის დასაწყისის პოზიტიურ ტენდენციებს, როდესაც ჩვენი სავაჭრო ბრუნვა თითქმის 25% -ით გაიზარდა. ეს იქნება ეკონომიკურ თანამშრომლობაზე უკრაინულ-ქართული ერთობლივი სამთავრობათაშორისი კომისიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ჩვენ ვცდილობთ, განვაახლოთ მისი საქმიანობა და შემდეგი, მეათე შეხვედრა ჩავატაროთ მიმდინარე წლის სექტემბერში. განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, უნდა გავაძლიეროთ ადამიანებს შორის კონტაქტებისა და ტურიზმის სფეროში კოორდინაცია.

ძვრის ნაწილში არის ვაქცინაციის შესახებ დოკუმენტების აღიარება, რათა გავაადვილოთ მოქალაქეებისთვის საზღვრების გადაკვეთა. კერძოდ, განვიხილეთ ასევე, ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება სამშობლოში, რომლებიც სხედან ციხეებში საქართველოსა და უკრაინაში. ამასთან დაკავშირებით, იურიდიული პროცედურები იქნება დასრულებული და ის პირები უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან სახლებში.

ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ერთობლივი ევროპული მისწრაფებები. უკრაინამ და საქართველომ უნდა იზრუნონ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. მოლაპარაკებების დროს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს იქნება ერთი საკვანძო მიმართულება შემდგომი ურთიერთობის.

მე მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარება საქართველოსა და უკრაინის ინტერესებშია და ასევე, გაერთიანებული ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების ინტერესებში.

კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოლაპარაკებებისთვის და ამ ვიზიტისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ იმყოფებით უკრაინაში და ნამდვილად, ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ბოლო 15 წლის განმავლობაში.

დიდი მადლობა!"

https://www.president.gov.ge/ka/News/Article/salome_zurabishvili__stabilizatsiis_deeskalatsiisa_da_dialogis_garda_skhva_gza_ar_aris 

https://www.youtube.com/watch?v=MiDU2415ats