საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს ვიცე-პრემიერი,  საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი აურელიუ ჩოკოი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება შეხვედრებს გამართავენ  ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჟოზეპ ბორელთან, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისართან ვალდის დომბროვსკისთან და სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ოლივერ ვარეისთან. გაიმართება მინისტრების ერთობლივი შეხვედრები ევროპარლამენტში, მათ შორის  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარესთან, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან და ევროპარლამენტის მომხსენებლებთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები ევროკავშირს გააცნობენ ასოცირებული ტრიოს დაფუძნების და მისი სამომავლო საქმიანობის მიზნებს, საუბარი შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობას, ევროკავშირთან სხვადასხვა მიმართულებით ასოცირების ტრიოს ურთიერთობის გაღრმავებას, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელ საკითხებს და სხვა.
ასევე ვიზიტის ფარგლებში სამი ასოცირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისართან, დიდიე რეინდერსთან და ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებთან.

https://mfa.gov.ge/News/David-Zalkaliani-is-to-travel-to-Brussels-as-a-par.aspx?CatID=5